FLASH PLAYER
ვიდეოსაიტები, როგორიცაა Vimeo იყენებს Flash Player-ის მოდულს ვიდეოს გასაშვებად. სამწუხაროდ, ეს პროგრამა მუშაობს Tor-ბრაუზერის დამოუკიდებლად და შეუძლებელია მისი კავშირის მარტივად გატარება Tor-ბრაუზერის პროქსის საშუალებით. ამრიგად, შესაძლებელი იქნება თქვენი ნამდვილი ადგილმდებარეობისა და IP-მისამართის დადგენა ვებსაიტის მმართველის ან სხვა თვალყურის მდევნელის მიერ. ამიტომ, Flash ნაგულისხმევად გათიშულია Tor-ბრაუზერში და მისი ჩართვა მეტად არასასურველია.
ვიდეოსაიტების ნაწილი (მაგალითად YouTube) იძლევა ვიდეოს განსხვავებულად მიწოდების საშუალებასაც, რომელიც არ საჭიროებს Flash-ს. ეს შესაძლოა თავსებადი იყოს Tor-ბრაუზერთან.
JAVASCRIPT
JavaScript არის დაპროგრამების ენა, რომელიც ვებსაიტებს საშუალებას აძლევს მომხმარებლებს შესთავაზონ ურთიერთქმედების ისეთი ელემენტები, როგორიცაა ვიდეო, ანიმაცია ან ხმოვანი ფაილები და მათი გადახვევის შესაძლებლობა. თუმცა, სამწუხაროდ, JavaScript აგრეთვე გამოიყენება ბრაუზერის უსაფრთხოებაზე შეტევებისთვის, რაც წინაპირობა შეიძლება გახდეს ვინაობის გამჟღავნების.
Tor-ბრაუზერს მოყვება დამატება სახელად NoScript, რომელთან წვდომისთვისაც უნდა გადახვიდეთ „პარამეტრებში“ მთავარი მენიუდან (≡), შემდეგ აირჩიოთ „მორგება“ და „S“ ხატულა ჩაჭიდებით გადაიტანოთ ფანჯრის ზედა მარჯვენა კუთხეში. NoScript საშუალებას გაძლევთ მართოთ JavaScript (და სხვა სკრიპტები), რომელიც ეშვება ცალკეულ გვერდებზე, ან კიდევ სრულად გათიშოთ.
მომხმარებლები, რომლებიც მაღალი ხარისხის უსაფრთხოებას საჭიროებენ ვებგვერდების მონახულებისას, Tor-ბრაუზერის უსაფრთხოების დონე აუცილებლად უნდა დააყენონ „მეტად დაცულზე“ (რომელიც გათიშავს JavaScript-ს HTTPS-ს არმქონე საიტებზე) ან „სრულიად დაცულზე“ (რომელიც იმავეს გააკეთებს ყველა ვებსაიტზე). თუმცა, JavaScript-ის გათიშვა ხელს შეუშლის საიტების გამართულად მუშაობას, ასე რომ Tor-ბრაუზერში ნაგულისხმევად დაშვებულია ყველა საიტზე სკრიპტების გაშვება „ჩვეულებრივ“ რეჟიმში.
ბრაუზერის დამატებები
Tor-ბრაუზერი დაფუძნებულია Firefox-ზე და ნებისმიერი დამატება ან თემა რომელიც თავსებადია Firefox-სთან, ასევე შეიძლება დაყენდეს Tor-ბრაუზერშიც.
თუმცა, დამატებები რომლებიც შემოწმებულია Tor-ბრაუზერზე გამოსაყენებლად მხოლოდ ისინია, რომლებიც მოყვება ნაგულისხმევად. ნებისმიერი სხვა დამატების დაყენებამ, შესაძლოა ხელი შეუშალოს Tor-ბრაუზერის მუშაობას ან საფრთხე შეუქმნას უსაფრთხოებასა და პირადი მონაცემების დაცვას. ასე რომ, სხვა დამატებების დაყენება მეტად არასასურველია და Tor-პროექტის მიერ არაა მხარდაჭერილი.